სოსო ფხაკაძე - საპენსიო რეფორმის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა და ეს გულახდილად ვუთხარით მინისტრს
სოსო ფხაკაძე - საპენსიო რეფორმის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა და ეს გულახდილად ვუთხარით მინისტრს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიასა და ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრაზე ბიზნესმენების მხრიდან კითხვები საპენსიო სისტემასთან დაკავშირებითაც დაისვა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ბიზნესასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, ამის შესახებ ბიზნესს მეტი ინფორმაცია სურს.

„იყო შეკითხვა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რამდენიმე ბიზნესმენმა დასვა ეს კითხვა. ჩვენ გვინდა, უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს. ხელისუფლება ამბობს, მართალია, რომ არის ინფორმაციის ნაკლებობა და უახლოეს დღეებში დაიწყება ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიაღწევს ყველა ბიზნესკომპანიამდე. გიდასტურებთ, ინფორმაციის ნაკლებობა ნამდვილად არსებობს და ეს ძალიან გულახდილად ვუთხარით მინისტრს. ვფიქრობ, მოესწრება ყველაფერი, მთავარია ხვალიდან, ზეგიდან სრული ინფორმაცია მივიდეს ყველა კომპანიამდე“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. მასში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის დასაქმებული მოქალაქეებისთვის, ხოლო 40 წლის ზევით – ნებაყოფლობით. სისტემის მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსება შემდეგნაირად ხორციელდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით; დამსაქმებელი მონაწილე დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს  დასაქმებულზე  გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით; მონაწილე თვითდასაქმებული ახორციელებს საპენსიო შენატანს თავისი წლიური შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით; ასევე, სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს 2 პროცენტს.