სოსო ფხაკაძე - პრემიერს ვთხოვეთ, საკანონმდებლო პროცესში ბიზნესი უფრო მეტად იყოს ჩართული
სოსო ფხაკაძე - პრემიერს ვთხოვეთ, საკანონმდებლო პროცესში ბიზნესი უფრო მეტად იყოს ჩართული

როგორც ხელისუფლება, ისე ბიზნესი ამბობს, რომ ორივე მხარემ ერთად უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, რათა უფრო კარგი მომავალი შევქმნათ, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ  საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესასოციაციის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კვლევის  – “საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ შედეგები გააცნეს.

,,ძალიან გვიხარია, რომ პრემიერმა მოიწონა ჩვენი კვლევის პრეზენტაცია და სურვილი გამოთქვა, მომავალ წელსაც ასეთი პრეზენტაცია გავაკეთოთ. ეს იქნება ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს შორის კომუნიკაციის უფრო მეტად გაფართოებას და საბოლოო ჯამში, ეს ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც, რომელსაც ბიზნესი დადებითად აფასებს.

„ერთ-ერთი არის მოგების გადასახადის რეფორმა, ასევე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის დასრულება. მნიშვნელოვან რეფორმად ითვლება ასევე საპენსიო რეფორმა. როგორც ხელისუფლება, ისე ბიზნესი ამბობს, რომ ორივე მხარემ ერთად უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, რათა მომავალში ​უფრო კარგი მომავალი შევქმნათ“, – განაცხადა სოსო ფახაძემ.

რაც შეეხება გამოწვევებს, ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი არის ლარის კურსი. მისი თქმით,  ბუნებრივია, ხელისუფლებას არანაკლებ ესმის ეს პრობლემა.

„ასევე საუბარი გვქონდა საკანონმდებლო სისტემის უფრო მეტ სტაბილურობაზე. ჩვენი თხოვნა იყო, რომ ამ პროცესში ბიზნესი უფრო მეტად იყოს ჩართული და უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს“, – აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს  შეხვდა.

ღონისძიებას, ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა.