სოსო ფხაკაძე - ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა, ყველაფერი ადეკვატურად მიიღო
სოსო ფხაკაძე - ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა, ყველაფერი ადეკვატურად მიიღო

პრემიერი შეგვპირდა, რომ თანდათანობით თითოეულ საკითხს მიხედავს, გვექნება ერთობლივი შეხვედრები, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ბიზნესის წარმომდგენლების ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, საქართველოს ბიზნესასოციაციის ფუნქცია არის, რომ ყველა გამოწვევა, რაც არის ბიზნესში, პროფესიულად, ობიექტურად და აკადემიურად მიიტანოს ხელისუფლებამდე.

„ამას ვაკეთებდით და ამას გავაკეთებთ ყოველთვის. დღეს მაკროეკონომიკური ხასიათის საკითხებზე გვქონდა საუბარი, იყო დაახლოებით 10 პუნქტი. ამ 10 პუნქტის ქვეშ წარმოვადგინეთ ჩვენი ბიზნესის ხედვა, რას ვფიქრობთ თითოეულ პუნქტთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ, შევეცადეთ როგორც ყოველთვის, ვიყოთ ობიექტურები, პროფესიულები და აკადემიურები. ჩვენ ისეთ ინფორმაციას ვერ მივაწვდით ვერავის, რომელიც არ არის 100-ჯერ გადამოწმებული და დღეს ძირითადად ვიყავით მაკროეკონომისტები და გვინდოდა როგორც ყოველთვის, ძალიან პროფესიულად დაგვეყენებინა საკითხები“, – განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, დღეს ეკონომიკა კრიზისშია და აუცილებლად მისაღებია სწრაფი გადაწყვეტილებები.

„ჩვენ ამაზე ყოველთვის ღიად ვსაუბრობთ. თანდათანობით პრემიერი შეგვპირდა, რომ თითოეულ საკითხს მიხედავს, გვექნება ერთობლივი შეხვედრები. ეს იყო პირველი შეხვედრა, ამით რასაკვირველია, არ უნდა დასრულდეს. ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ბევრი შეხვედრა შედგეს, იმდენი შეხვედრა, რამდენიც საჭიროა, რომ ბიზნესი დადგეს ფეხზე, რამეთუ ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ძლიერი ეკონომიკა არის მთავარი ფორმულა, საწინდარი ქვეყნის წარმატების. დღეს ბიზნესს ბევრი რაღაც აწუხებს, თუმცაღა ჩვენ ყველაფერს ვერ მოვედებიდით დღეს. მაგრამ, ის თემატიკები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდეს, ჩვენ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათ შორის, რა თქმა უნდა გაცვლითი კურსი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ლარის კურსი არის მთავარი ეკონომიკური ბარომეტრი ჩვენი ქვეყნის. ჩვენ ძალიან დაგვამშვიდა პრემიერმა, ყველაფერი ძალიან ადეკვატურად მიიღო. იმის იმედი უნდა გვქონდეს, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ამ მდგომარეობაში არ ვიყოთ“, – განაცხადა ფხაკაძემ.