სოსო ფხაკაძე - დღგ-ის ადმინისტრირების მიმართულებით საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკა ინერგება
სოსო ფხაკაძე - დღგ-ის ადმინისტრირების მიმართულებით საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკა ინერგება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა გაიმართა, სადაც ასოციაციის წევრი კომპანიებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა დამატებითი ღირებულების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო კოდექსში მიმდინარე წლის 14 ივლისს შეტანილი სხვა ცვლილებები განიხილეს.

ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა ის მთავარი საკითხები წარადგინა, რომელიც ევროკავშირის დღგ-ს დირექტივაზე დაყრდნობით ქართულმა კანონმდებლობამ გაიზიარა. აღინიშნა ის ფაქტიც, რომ წარდგენილი ცვლილებები ბოლო ერთი წელია, ინტენსიურ რეჟიმში განიხილებოდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან. ამასთან, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, წარდგენილი რეფორმის კანონქვემდებარე აქტებში იმპლემენტაცია ბიზნესთან უკვე დამკვიდრებული თანამშრომლობის რეჟიმში გაგრძელდეს.

შეხვედრაზე საუბარი დიალოგის ფორმით წარიმართა. ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა საგადასახადო-საბაჟო საკითხებზე პასუხები მიიღეს.

„სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, განხორციელდა დღგ-ის რეფორმა. დღეს თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ინერგება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკა, რაც იმის მანიშნებელია, რომ გამარტივდება პროცესები დღგ-ის ადმინისტრირების მიმართულებით, გაფართოვდება შეღავათების არეალი განათლების, სამედიცინო და სოციალური სფეროში, შემცირდება სადავო საკითხები აღნიშნული მიმართულებით და დაინერგება შიდა პროცედურები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების და პრეცედენტების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, რაც ვიმედოვნებთ საბოლოო ჯამში პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.