სოსო ფხაკაძე - დღევანდელი კანონი პასუხობს მოთხოვნებს, რასაც შრომის კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს
სოსო ფხაკაძე - დღევანდელი კანონი პასუხობს მოთხოვნებს, რასაც შრომის კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს

დღევანდელი კანონმდებლობა პასუხობს მოთხოვნებს, რასაც შრომის კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს. მიუხედავად ამისა, რომელ მუხლებზეც შევჯერდებით და ბიზნესისთვის ცუდი არ იქნება, თანხმობას განვაცხადებთ, არასოდეს ვიტყვით, რომ ყველაფრის წინააღმდეგი ვართ, ეს ჩვენი ლექსიკა და კულტურა არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განუცხადა „შრომის კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის ინიცირება პარლამენტში ჯერ არ მომხდარა.

ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ, სადაც განხილვის თემები „შრომის კოდექსი“, „საგადასახადო კოდექსი“ და სოფლის მეურნეობის საკითხები იყო.

ფხაკაძე ამბობს, რომ შეხვედრა რეგულარულ სახეს მიიღებს.

„საქართველოს ბიზნესასოციაცია ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანებაა. გვინდოდა, საქართველოს პარლამენტთან უფრო მეტი კომუნიკაცია გვქონოდა. შეხვედრის ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან წამოვიდა. ამ ფორმატში მეორე შეხვედრა ჩავატარეთ. შეხვედრაზე ღიად ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რაც გვაწუხებს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის თქმით, „შრომის კოდექსში“ ცვლილებებზე მთელმა ბიზნესმა უარყოფითი პოზიცია არგუმენტირებულად დააფიქსირა.

„გვიხარია, რომ როგორც მთავრობამ, ასევე პარლამენტმა ცალსახა სულისკვეთება გამოთქვეს. ის, რაც ნეგატიურად აისახება ბიზნესსა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ასეთი სახის კანონპროექტის მიღება დაუშვებელია და არ უნდა მოხდეს. ამაზე ცალსახა პასუხი იყო. განხილვის თემა იყო, რომ ნორმირებული სამუშაო დროის დადგენა მიუღებელია, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობის დადგენა, ასევე ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების პარამეტრების დადგენა. საუბარი იყო, რომ უნდა მოხდეს, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის ნაწილში მოთხოვნების გამკაცრება. ასევე, იყო შრომის ინსპექციის უფლებამოსილების გაფართოებაზე საუბარი. ეს ის საკითხებია, რაც ქართულ ბიზნესზე უარყოფითად აისახებოდა. გვინდა, დაბალანსებული, სწორი, კორექტირებული პირობები იყოს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. რამდენიმე ათასი ადამიანი გვყავს დასაქმებული. 200 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული კომპანიების მიერ, რომლებიც ასოციაციაში არიან გაწევრიანებული. ეს ხალხი ჩვენი თანამშრომლები არიან, გვიყვარს და პატივს ვცემთ. ერთ საქმეს ვაკეთებთ და ურთიერთობა  უნდა იყოს კორექტული, დაბალანსებული და პროფესიული“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ასოციაციას აქვს ერთადერთი მოთხოვნა – ქვეყანაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ბიზნესი განვითარდეს.

„ძლიერი ბიზნესი და ძლიერი ეკონომიკა ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედია”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.