სოსო არჩვაძე - ვალების განულებაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებას საარჩევნო ასპექტში ვერ განვიხილავთ, ეს მთავრობის სტრატეგიული კურსის გამოვლინებაა 
სოსო არჩვაძე - ვალების განულებაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებას საარჩევნო ასპექტში ვერ განვიხილავთ, ეს მთავრობის სტრატეგიული კურსის გამოვლინებაა 

ვალების განულებაზე ​ხელისუფლების გადაწყვეტილებას საარჩევნო ასპექტში ვერ განვიხილავთ, ეს მთავრობის სტრატეგიული კურსის გამოვლინებაა, – ამის შესახებ ექსპერტმა სოსო არჩვაძემ ვალების განულების შესახებ მთავრობის ინიციატივაზე განაცხადა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ეს ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია დავალიანებების მქონე მოსახლეობისთვის აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.

„ეს უნდა განვიხილოთ ერთ-ერთი ნაბიჯი, რათა საქართველოში ბიზნესსაც და მოსახლეობასაც შეექმნას გარკვეული შეღავათი და უკეთესი პირობები ბიზნესის საწარმოებლად და ცხოვრებისათვის. ეს არ არის დეკლარაციული განცხადება. შევხედოთ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს, იქ სოციალური ხარჯები იზრდება დაახლოებით 10 პროცენტით, საგადასახადო ტვირთი უმცირდება ბიზნეს და მოსახლეობას 160-180 მილიონამდე ლარამდე. ეს ამ საკითხის სხვადასხვა კომპონენტიდან, თუ მთლიანობაში შევხედავთ ვღებულობთ შემდეგ სურათს: საბიუჯეტო შეღავათები ერთი, მეორე მხრივ, საგადასახადო ტვირთის შემცირება და დავალიანებისგან განთავისუფლება. თუ ამ ყველაფერს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის რანგში შევხედავთ ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ როგორც საქართველოს მოქალაქეების, ქართული ბიზნესისთვის უფრო მეტი შეღავათისა და კომფორტის შექმნის საშუალება”, – განაცხადა არჩვაძემ.

მისივე თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უფრო ძვირი საბანკო პროცენტები აქვთ, ვიდრე კომერციულ ბანკებს, დაახლოებით 3-4 ჯერ ძვირი, ამიტომ მთავრობის  გადწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მათთვის, ვინც ძირითადად ვალს იღებდა თავისი ყოფითი პრობლემის გასაუმჯობესებლად.

„ეს მოსახლეობის 1/3 მაინც შეეხება. ხელისუფლების მთავარი ამოცანაა მისცეს დამატებითი იმპულსები საზოგადოებაში არსებულ რესურსებს. მულტიპოლიკატორული ეფექტი აქვს არამხოლოდ ფულს, არამედ იმ სამთავრობო გადაწყვეტილებას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. ეს იქნება ძალიან კარგი ეფექტის მომტანი, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ათავისუფლებს მოსახლების მნიშვნელოვან ნაწილს ვალებისგან და მცირე ბიზნესის ნაწილს შეზღუდვებისგან, რაც მათ ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიური ჩართვის წინაპირობაა. ეს ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია დავალიანებების მქონე მოსახლეობისთვის აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში”, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.