სოსო არჩვაძე - „ოქროს სიასთან“ დაკავშირებული ცვლილება სამართლიანობის დამკვიდრების გარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს
სოსო არჩვაძე - „ოქროს სიასთან“ დაკავშირებული ცვლილება სამართლიანობის დამკვიდრების გარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ პრეფერენციები ზოგადად ბიზნესს უნდა ჰქონდეს და არა, ცალკეულ ბიზნესმენებს ან ბიზნესსტრუქტურებს.

სოსო არჩვაძე ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათის გაუქმებაზე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს.

დოქტორი წერს, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაში ორი საგულისხმო ასპექტი იკვეთება.

„პირველი – ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და შეღავათების დაწესება ბიზნესის წამოწყების, სტარტაპების, რეგიონული განფენილობის (მაგ. მთიანი რეგიონი), ზომისა და რიგი სხვა ნიშნით. ეს სასიკეთოდ აისახება მთლიანად ბიზნესკლიმატსა და ბიზნესსექტორის წილის განუხრელ ზრდაში ქვეყნის ეკონომიკაში; მეორე – რომელიმე კონკრეტულ ბიზნესთან ან მის ლობისტურ გუნდთან დაკავშირებულ, პერსონიფიცირებულ პრივილეგიებსა და პრეფერენციებზე უარის თქმა.

აღნიშნული კურსი უკვე მკაფიოდ ვლინდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებშიც  – კულტურაში, ხელოვნებაში, სამართალში და ა.შ, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს, გრძნობს და დადებითად აფასებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიცირებული და ძალაში შესული გადაწყვეტილება „ოქროს სიის“ გაუქმებაზე, რომლითაც ორასზე მეტ ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდა მოუწევთ ექვსჯერ უფრო სწრაფად, ხუთდღიან ვადაში, ნაცვლად 30 დღისა, სრულად ეწერება აღნიშნული პროცესის ფარვატერში და ამკვიდრებს და აძლიერებს სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობის პრინციპებს ბიზნესის სფეროში, რომლებიც ევროკავშირში უკვე დიდი ხანია, ბიზნესეთიკის ორგანულ ელემენტებად იქცნენ“, – წერს არჩვაძე.

მისი თქმით, გადასახადების გადავადება თავისი ეკონომიკური შინაარსით ფაქტობრივად, დამატებითი ფინანსური რესურსია, რომლის გამოყენებითაც დამატებით სარგებელს ნახულობს კონკრეტული ბიზნესი და იმავდროულად, ზარალს  – საზოგადოება, რადგანაც ხდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების განაღდების გადავადება.

ამასთან, სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ სამართლიანობის დამკვიდრებისა და განმტკიცების გარდა, ეს მეტად შეუწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებასა და მათი წილის ზრდას ბიზნესბრუნვასა და პროდუქციის გამოშვებაში, რადგანაც მისი თქმით, „ოქროს სიაში“ როგორც წესი, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდაზე ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა.

დატოვე კომენტარი