სოსო არჩვაძე - ნათია თურნავას გადაწყვეტილება მისასალმებელია, ამავდროულად საინტერესოა, როდის მისცეს „ანაკლიის კონსორციუმს“ გარანტია ტვირთების გადაზიდვის ექსკლუზივზე
სოსო არჩვაძე - ნათია თურნავას გადაწყვეტილება მისასალმებელია, ამავდროულად საინტერესოა, როდის მისცეს „ანაკლიის კონსორციუმს“ გარანტია ტვირთების გადაზიდვის ექსკლუზივზე

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, სოსო არჩვაძის შეფასებით, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადაწყვეტილება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მის მიერ ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტის გაუქმების შესახებ დროული და პრინციპულია.

მისი თქმით, ირკვევა, რომ დოკუმენტი გაცემულია ხარვეზებით.

„მინისტრის განცხადებით ირკვევა, რომ ნებართვა გაცემულა ხარვეზებით და არა აქვს მიწის მეპატრონის, სახელმწიფოს (ქონების მართვის სამსახურის) თანხმობა. დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომელიც სცილდება ეკონომიკის სფეროს და სერიოზული პოლიტიკური დატვირთვის მატარებელიც არის. კარგია, რომ მის ბრძანებით, ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის არასანქცირებული ნებართვის გაცემის გამო, მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. ჩემი აზრით, პირების რომლებიც ვერ ხედავენ ან სათნადოდ არ აფასებენ ანაკლიის პორტის მშენებლობის სახელმწიფოებრივ, არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი, დინამიური და უსაფრთხო განვითარებისათვის, ვერ თუ არ ამჟღავნებენ სახელმწიფოებრივ ცნობიერებას და თავიანთი ქმედებით თუ უმოქმედობით ჩრდილს აყენებენ, უშლიან ამ მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაციას, მათი ადგილი სახელმწიფო, საჯარო სამსახურში არ არის“, – აცხადებს ექსპერტი.

ამასთან, მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს „ანაკლიის კონსორციუმის“ „შოკისმომგვრელი“ გამოხმაურებაც ამ თემაზე.

„ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, არსად წამიკითხავს, რომ მათთვის ვინმეს მიეცი ტვირთების გადაზიდვის ექსკლუზივზე გარანტია. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოსვლა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. მითუმეტეს, ისეთი ინვესტიციების, რომელიც გაზრდის საქართველოს გეოსტრატეტგიულ ფუნქციას და ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას ემსახურება. რაც მთავრობისგან ანაკლიაზე ვიცით არის ის, რომ ამ პროექტს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მლნ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70- მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერით დასრულებული“, – აცხადებს სოსო არჩვაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.