სოსო არჩვაძე - ბევრი უცხოელი ინვესტორი რეგისტრირებულია, როგორც ადგილობრივი მეწარმე და შიდა ინვესტიციად ფიქსირდება
სოსო არჩვაძე - ბევრი უცხოელი ინვესტორი რეგისტრირებულია, როგორც ადგილობრივი მეწარმე და შიდა ინვესტიციად ფიქსირდება

ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძის განცხადებით, 2018 წელს ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, თუმცა ამ კუთხით გასათვალისწინებელია გარე და შიდა ფაქტორები.

ექსპერტი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემს ეხმაურება.

„გარე ფაქტორებიდან უნდა გამოვყოთ ძვირი დოლარის პოლიტიკა, საინვესტიციო გარემოს გაუარესება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ქვეყნებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ზრდა. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ ქვეყანაში საგადამხედელო ბალანსი დადებითი იყოს“, – განაცხადა არჩვაძემ.

ამასთან, ექსპერტი განმარტავს, რომ ბევრი უცხოელი ინვესტორი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოსთან თანამშრომლობდა, ქვეყანაში შემოვიდა როგორც უცხოელი ინვესტორი და შემდეგ ფაქტიურად დარეგისტრირდა ადგილობრივ მეწარმედ დარეგისტრირდა, კომპანიებში მიიღეს საკონტროლო პაკეტი.

„შედეგად, რაც წლების განმავლობაში უცხოურ ინვესტიციად ითვლებოდა, დღეს დაფიქსირდა, როგორც შიდა ინვესტიცია. ამ ფონზე, ჩვენი ეკონომიკა მაინც შთამბეჭდავი პროცენტით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკა მყარად დგას, ამას დანახვა და აღიარება უნდა. ადრე ჩვენ დამოკიდებული ვიყავით სხვადასხვა სახის უცხოურ დახმარებებზე, ჰუმანიტარული იქნებოდა, ტექნიკური თუ სხვა, მაგრამ დღეს ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ საგარეო დახმარების შემცირების ფონზეც კი, ეკონომიკის ზრდის მზარდი მაჩვენებელი ჰქონდეს“, – განაცხადა ექსპერტმა.

არჩვაძის შეფასებით, ჯამში, საქართველოში იზრდება, როგორც ეკონომიკა, ასევე ინვესტიციები და ხელისუფლება მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად ყველაფერს აკეთებს.

„მთლიანობაში, ქვეყანაში ადგილი აქვს ეკონომიკის ზრდასაც, ინვესტიციების ზრდასაც და საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შეუქმნას ინვესტორებს და ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდეს“, – აცხადებს სოსო არჩვაძე.