ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა შუამარბმა სონი ბილ ვილიამსმა სარაგბო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
35 წლის ათლეტმა ბოლოს „ოლ ბლექსის“ შემადგენლობაში 2019 წლის მსოფლიო თასზე იასპარეზა. ამის შემდეგ ვილიამსი ცამეტკაცა რაგბის კლუბ „ტორონტო ვულპეკში“ ჩაირიცხა, რომელიც კორონავირუსის გამო დაიშალა და სონი ბილმა კარიერა იმავე სახეობაში, სიდნეი „რუსტერზსში“ გააგრძელა. ვილიამსი ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად ორჯერ გახდა სარაგბო მსოფლიო თასის გამარჯვებული. მან კარიერის მანძილზე „ზე რაგბის“ (Super Rugby) და ნაციონალური სარაგბო ლიგის (NRL) ჩემპიონის ტიტულებიც მოიპოვა.
მას ამ ეტაპზე კონტრაქტი არც ერთ სარაგბო, თუ ცამეტკაცა რაგბის კლუბთან არ აკავშირებდა და შესაბამისად კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ აქტიურ სპორტს არ ჩამოშორდება და საკრივო კარიერას განაახლებს.
„მივხვდი, რომ ბებერი მუხლი თანამედროვე მოთხოვნებს აღარ შეესაბამებოდა და მიუხედავად იმისა, რომ გონებას კვლავ სურდა რაგბის თამაში, კარიერას ვასრულებ,“ – განაცხადა მან ავსტრალიურ „ჩენელ ნაინ“-თან საუბრისას (Channel Nine).
საგულისხმოა, რომ სონი ბილ ვილიამსს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საკრივო დაპირისპირება არ ჰქონია. ბოლოს მან 2015 წლის იანვარში იჩხუბა და ამერიკელი მძიმეწონოსანი ჩონსი ველივერი მსაჯთა ერთხმა გადაწყვეტილებით დაამარცხა.