სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა
სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა

სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა.

როგორც გამოცემა „ნიუს ამი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ მეორის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

„ყარაბაღის ომის შემდეგ ჩვენ განვიცდით ტკივილის, დარდისა და შფოთვის მძიმე დღეებს. მრავალმა მსხვერპლმა, ისტორიული ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვამ, ომის კატასტროფულმა შედეგებმა და კიდევ უფრო დიდმა საგარეო საფრთხემ მოიცვა ჩვნი სულები და დაარღვია სამშობლოსა და დიასპორის სოლიდარობა, ეროვნული ერთიანობა. შექმნილმა რთულმა მდგომარეობამ და ღრმა შიდაპოლიტკურმა კრიზისმა ჩვენი ქვეყანა ახალი საფრთხეების წინაშე დააყენა.

ეს ვითარება უნდა განიმუხტოს მხოლოდ კონსტიტუციური გზით, ეროვნული სოლიდარობისა და საღი აზრის პირობებში. საგანგაშო მოვლენებამდე ჩვენ ასევე შევხვდით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. საზოგადოებაში მზარდი დაძაბულობის, გარე და შიდა გამოწვევების, ასევე პრემიერ-მინისტრისადმი დაბალი საზოგადოებრივი ნდობის გათვალისწინებით, ჩვენ მამა-შვილურად მოვუწოდეთ მას, უარი თქვს უფლებამოსილებაზე რყევების, შესაძლო შეტაკებებისა და ტრაგიკული მოვლენების თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია გარეგინ მეორის მიმართვაში.

სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი ასევე მოუწოდებს სომხეთის პარლამენტს, იმოქმედოს პასუხისმგებლობით, პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებით აირჩიოს ახალი პრემიერი და ჩამოაყალიბოს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ამოიწურა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ოპოზიციის მიერ გადადგომისთვის მიცემული ვადა. სომხეთის ქალაქებში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტებმა ერევანში გადაკეტეს ქუჩები, არიან დაკავებულები.

დატოვე კომენტარი