სომხური მედიის ინფორმაციით, დიმიტრი მედვედევმა და კარენ კარაპეტიანმა ტელეფონით ისაუბრეს
სომხური მედიის ინფორმაციით, დიმიტრი მედვედევმა და კარენ კარაპეტიანმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა ტელეფონით ისაუბრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია რუსეთის მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო News.am-ის ცნობით, მხარეებს შორის განხილვის მთავარი საკითხი სომხეთში შექმნილი ვითარება იყო.

„ორი ქვეყნის მეთაურმა ისაუბრეს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებსა და სომხეთში არსებულ ვითარებაზე. მედვედევმა მეგობარ სომეხ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა ქვეყანაში პროცესები კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში დარჩეს“, – წერს News.am რუსეთის მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 23 აპრილს დატოვა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო.

ერევანში პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები რამდენიმე დღე მიმდინარეობდა.

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა. სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2008-2018 წლებში იყო. მანამდე, ის ერთი წლის განმავლობაში სომხეთის მთავრობის მეთაური იყო, ასევე, იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს (2000-2007 წლებში).