სომხური მედიის ინფორმაციით, დღეს ნიკოლ ფაშინიანისა და სერჟ სარგსიანის შეხვედრა გაიმართება

08:03, 22.04.2018

პარტიის „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერი და აქციის ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას News.am ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, შეხვედრის შესახებ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.

როგორც News.am წერს, შეხვედრა ერევანში, სასტუმრო „მარიოტში“, 10:00 საათზე შედგება.

„ჩემი გუშინდელი განცხადებისა და პრეზიდენტ არმენ სარგსიანთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, სერჟ სარგსიანისგან მივიღე დასტური, რომ ჩემთან შესახვედრად მზად არის. ასე რომ, ხვალ, 10:00 საათზე, სასტუმრო „მარიოტში“ იქნება მოლაპარაკებები სერჟ სარგსიანთან მისი გადადგომისა და ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარების შესახებ.

ამიტომ მინდა გაცნობოთ, რომ დაგეგმილი შეხვედრის გამო, ხვალინდელი აქცია 11:00 საათის ნაცვლად, 12:00-12:30 საათზე გაიმართება“, – ამბობს ფაშინიანი ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი 21 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც ნიკოლ ფაშინიანს გაესაუბრა, ხოლო შემდეგ უკვე შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანთან.

მანამდე, სომხეთის პრემიერმა ოპოზიციონერ ფაშინიანს პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.

მსგავსი