სომხური მედიის ცნობით, „რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების შეყვანას დღეს დილიდან იწყებს“
სომხური მედიის ცნობით, „რუსეთი მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების შეყვანას დღეს დილიდან იწყებს“

რუსეთის ფედერაცია მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანას ადგილობრივი დროით 06:00 საათიდან იწყებს. ამის პარალელურად, სომხეთის რესპუბლიკას კონფლიქტის ზონიდან შეიარაღაბული ძალები გამოჰყავს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერეს ხელი, 2020 წლის 10 ნოემბრის 06:00 საათიდან რუსეთის ფედერაცია სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანას მთიანი ყარაბაღის ზონაში სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის პარალელურად იწყებს“, – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.

უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.