სომხური მედიის ცნობით, აშშ-მა TRIPP-ის პროექტის ფონდის დაფინანსება 402 მილიონ დოლარამდე გაზარდა
აშშ-ის მთავრობამ TRIPP+ Enterprise Fund-ის დაფინანსება გააორმაგა და 201 მილიონი დოლარიდან 402 მილიონ დოლარამდე გაზარდა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ ხარჯვით ბაზაში USAspending.gov, აღნიშნული თანხების გამოყენების ძირითად ადგილად სომხეთია მითითებული.
დაფინანსება უკავშირდება TRIPP-ის ინიციატივას („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“), რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ სომხეთის გავლით სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, რათა სამხრეთ კავკასია ტრანსკასპიურ სატრანსპორტო კორიდორს დაუკავშირდეს.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიურომ 2026 წლის 30 იანვარს TRIPP+ Enterprise Fund-ს 201 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო. პროგრამის განხორციელების ვადად 2036 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. 16 ივლისს გრანტის პირობები შეიცვალა და დაფინანსება 402 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა პროგრამის დასრულების თარიღი უცვლელი დარჩა.
მედიის ცნობით, HigherGov-ის მონაცემებით, 402 მილიონივე დოლარი უკვე გამოყოფილია აღნიშნული პროგრამისთვის.
ამასთან, TRIPP+ Enterprise Fund 2026 წლის 26 იანვარს შეიქმნა – ორი კვირის შემდეგ, რაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სამხრეთ სომხეთში TRIPP-ის ინფრასტრუქტურის განვითარების და განხორციელების მიზნით შეიქმნება TRIPP Development Company. კომპანიის 26%-ს სომხეთის რესპუბლიკა, ხოლო 74%-ს აშშ ფლობს.
როგორც „არმენპრესი“ წერს, TRIPP+ Enterprise Fund და TRIPP Development Company ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქტურებია. TRIPP Development Company უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებასა და განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ეგიდით იმუშავებს.
ამისგან განსხვავებით, TRIPP+ Enterprise Fund დამოუკიდებელი საინვესტიციო ფონდია. მის ხელმძღვანელად ბიზნესმენი კონსტანტინ სოკოლოვი დაინიშნა. წყაროს ინფორმაციით, ფონდი დელავერის შტატის კომპანიების ოფიციალურ რეესტრში „ტრანსკასპიური საწარმოთა ფონდის“ სახელითაც არის რეგისტრირებული.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსების გაზრდა იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ვაშინგტონი ცდილობს, გააფართოოს თავისი მონაწილეობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში, ასევე ხელი შეუწყოს პროექტებს, რომლებიც რეგიონს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანთან დააკავშირებს.
ინიციატივის ავტორთა შეფასებით, TRIPP-ის მარშრუტის განხორციელებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ რეგიონულ ვაჭრობასა და ლოგისტიკაზე, არამედ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ გარემოზეც.