სომხური მედიის ცნობით, არქიეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი საგამოძიებო კომიტეტში გამოცხადებას გეგმავს
სომხური მედიის ცნობით, არქიეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი, რომლის დაკავებასაც დღეს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ეჩმიაძინის ტაძარში ცდილობდა, ადვოკატთან ერთად სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში მისვლას გეგმავს.
სომხური მედია იტყობინება, რომ ტაძართან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი მას ამის საშუალებას არ აძლევდა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ მომხრეებთან ერთად ერევანში ფეხით წავიდოდა.
პარალელურად, სომხური მედიის ცნობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიება დაიწყება იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც სამართალდამცველებს არქიეპისკოპოსის დაკავებისას წინააღმდეგობას უწევდნენ.
განცხადებას ავრცელებს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურიც. უწყებაში აცხადებენ, რომ ეჩმიაძინის ტერიტორია ადგილზე სიტუაციის დეესკალაციის მოტივით დატოვეს.
ამასთან, უწყება მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, არ შეუშალონ ხელი არქიეპისკოპოსის დაკავებას, რაც, მათი განმარტებით, კანონის ფარგლებში ხდება.
შეგახსენებთ, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საკათედრო ტაძართან ვითარება დილიდან დაიძაბა. ადგილზე მივიდნენ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანის დაკავებას შეეცადნენ. ადგილზე მცირე დაპირსპირება მოხდა მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის. მიქაელ აჯაპაჰიანს ბრალად ედება ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდება.