სომხური მედია - საქართველოს მოქალაქეებმა სომხეთში ტაქსის მძღოლი და პენსიონერი მოკლეს
სომხური მედია - საქართველოს მოქალაქეებმა სომხეთში ტაქსის მძღოლი და პენსიონერი მოკლეს

სომხური მედიის ინფორმაციით, ქართველმა წყვილმა სომხეთში ორი ადამიანი მოკლა. „არმნიუსის“ ინფორმაციით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა მოკვლევა და დაადგინა, რომ გეღარქუნიქის პროვინციაში 26 წლის სომეხი მამაკაცი და ერევანში 71 წლის პენსიონერი ქართველმა წყვილმა მოკლა.

სომხური მედია წერს, რომ ბრალი წაყენებული აქვს საქართველოს სამ მოქალაქეს. ორ მათგანს მკვლელობაში სდებენ ბრალს, ხოლო ერთს მკვლელობის თანამონაწილეობაში.

„არმნიუსის“ ინფორმაციით, ინციდენტი 31 მაისს მოხდა. პოლიციამ 26 წლის ჟორა მარტიროსიანის გვამი სევანის ტბასთან აღმოაჩინა. მას თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. მსხვერპლის მანქანა სამართალდამცველებმა მთავრობის მიერ მოწყობილ საზაფხულო ბანაკის ავტოსადგომზე იპოვეს. როგორც გაირკვა, მარტიროსიანმა ტაქსით წაიყვანა საქართველოს სამი მოქალაქე. როგორც გამოძიება ამბობს, ორი ქართველი სომხეთში არალეგალურად შევიდა.

პოლიციის ცნობით, ქართველმა წყვილმა ტაქსის მძღოლი ქვით მოკლა, შემდეგ კი გაძარცვა. მათი მეგობარი კი მომხდარს შეესწრო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მანამდე, 2018 წლის იანვარში ამავე წყვილმა გაძარცვა და მოკლა ერევანში მცხოვრები 71 წლის პენსიონერი ქალი.

სამივე ბრალდებულის საქმე სომხეთის პროკურატურაშია გადაგზავნილი.