სომხური მედია - რუსულ მარცვლეულს უახლოეს საათებში, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით, სომხეთში ჩაიტანენ
რუსულ მარცვლეულს უახლოეს საათებში, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით, სომხეთში ჩაიტანენ. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის „სამხრეთ კავკასიური რკინიგზის“ დირექტორმა, ალექსეი მელნიკოვმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ალექსეი მელნიკოვის თქმით, „იწერება ახალი ისტორია“, იხსნება სომხეთისა და რუსეთის სარკინიგზო კავშირი.
„უახლოეს საათებში რუსული მარცვლეულით დატვირთული 15 ვაგონი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ჩავა საქართველოში, შემდეგ კი – სომხეთში“, – განაცხადა მელნიკოვმა.
ასევე, რუსეთის „სამხრეთ კავკასიური რკინიგზის“ დირექტორმა აზერბაიჯანის გავლით სომხეთსა და ყაზახეთს შორის ტვირთის ტრანსპორტირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ახლა ჩვენ გვაქვს საშუალება, სომხეთიდანაც ჩავიტანოთ ტვირთი ყაზახეთში, რუსეთსა და სხვა სახელმწიფოებში. შეგვიძლია ჩინეთში საკონტეინერო გადაზიდვების ორგანიზებაც კი“, – განაცხადა მელნიკოვმა.
მისივე თქმით, ახალი მარშრუტი ხელს შეუწყობს ლარსის გამშვები პუნქტის განტვირთვას და გააიაფებს ტვირთების გადაზიდვას შავი ზღვის საკმაოდ ძვირი მონაკვეთის გავლით.
„ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებსაც ჩააქვთ ტვირთები სომხეთში, მარცვლეული და ნავთობპროდუქტები ეს მნიშვნელოვანი მარშრუტია. ის იქნება მოთხოვნადი ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა მელნიკოვმა.