სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს
სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია მონაცემები, რომ 2022–2024 წლებში წარუკიანის მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა განახორციელა მასშტაბური ფინანსური დანაშაული, რომელიც მოიცავს თაღლითობას, საბაჟო დოკუმენტების გაყალბებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.
საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, სავარაუდო ზარალი დაახლოებით 21 მილიონ დოლარს აღემატება.
„მათ მიზანმიმართულად გააყალბეს საბაჟო დეკლარაციები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები და მოპარული ქონება გადამალეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ცალკე ეპიზოდში საუბარია საწვავის იმპორტთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემაზეც, რომლის შედეგადაც დაახლოებით 934 000 დოლარის უკანონო შემოსავალი იყო მიღებული. წარუკიანთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ხოლო კიდევ ერთ ეჭვმიტანილზე ძებნაა გამოცხადებული.