სომხეთში ირანის ელჩი – ჩვენ სერიოზული შეშფოთება გვაქვს TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებით, ამავდროულად, დარწმუნებულები ვართ, შევძლებთ, კონსტრუქციულ გარემოში ერთობლივად გავუმკლავდეთ გამოწვევებს
ჩვენ სერიოზული შეშფოთება გვაქვს TRIPP-ის („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) პროექტთან დაკავშირებით, ამავდროულად, დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ, ერთობლივად გავუმკლავდეთ ამ მხრივ ნებისმიერ გამოწვევას კონსტრუქციულ გარემოში, – ამის შესახებ სომხეთში ირანის ელჩმა, ხალილ შირგჰოლამიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არცერთ მესამე მხარეს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ერევანსა და თეირანს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს გამოწვევა შეუქმნას.
„ირანისთვის მნიშვნელოვანია, TRIPP-ის პროექტის ან სხვა ნებისმიერი საკითხის განხილვისას პატივი სცენ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ეროვნულ სუვერენიტეტს. ასევე მნიშვნელოვანია, არცერთ მესამე მხარეს არ შეეძლოს, სომხეთსა და ირანს შორის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის გამოწვევის შექმნა. ჩვენ ამ მიდგომას ერთგულები დავრჩებით ორ ქვეყანას შორის დისკუსიებისა და შემდგომი მუშაობის დროს. დარწმუნებული ვარ, მუდმივი კონტაქტების შედეგად ჩვენ შევძლებთ ნებისმიერი საკითხის მოგვარებას“, – აღნიშნა შირგჰოლამიმ.
მისივე თქმით, ირანს სურს, შეიქმნას ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სომხეთთან მოლაპარაკებების წარმოება.
ირანელი დიპლომატის განცხდებით, ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერი პრობლემის ძალიან სწრაფად მოგვარებას, როგორც კი ის წარმოიქმნება.
„ირანს არ აქვს მიკერძოებული მიდგომა, ჩვენ სერიოზული შეშფოთება გვაქვს. ჩვენ სომხეთისგან ველოდებით გარანტიებს, რომ ირანისა და სომხეთის საზღვარზე უცხო ძალები არ იქნებიან და ვერავინ შეძლებს ირანისთვის საფრთხის შექმნას საზღვარზე და მიმდებარე ტერიტორიებზე. სომხეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დაგვარწმუნეს უმაღლეს დონეზე, რომ ასეთი პრეცედენტები არ იქნება. ამ მხრივ ჩვენ ორმხრივ ნდობას აღვიქვამთ, როგორც გარანტიას, რომ ეს პროექტი არ გადაუხვევს თავის კურსს და არ შეუქმნის საფრთხეს ირანს“, – განაცხადა ირანელმა დიპლომატმა.