სომხეთში ირანის ელჩი – არსებობს მოსაზრება, რომ „ტრამპის მარშრუტი“ სამხრეთ კავკასიიდან ჩინეთისა და რუსეთის განდევნას ისახავს მიზნად, თეირანი სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების განლაგების შესაძლებლობას ვერ ხედავს
არსებობს მოსაზრება, რომ პროექტი „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) სამხრეთ კავკასიიდან ჩინეთისა და რუსეთის განდევნას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ სომხეთში ირანის ელჩმა, ხალილ შირგჰოლამიმ განაცხადა.
მისი თქმით, იზიარებს ექსპერტებს აზრს, რომ აშშ ცდილობს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის დაკავშირებას და იშვიათ რესურსებზე წვდომის მოსაპოვებლად ჩინეთთან კონკურენციაშია.
„ზოგიერთი ექსპერტი TRIPP-ის პროექტს მიიჩნევს აშშ-ს მცდელობად, ჩინეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან განდევნოს, ამას კი იმით ხსნის, რომ აშშ ყოველთვის ცდილობდა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის დაკავშირებას და რეგიონის ჩინეთის გავლენის სფეროდან გამოყვანას. ეს ანალიტიკოსები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას ერთიან კონტექსტში, გარე მოთამაშეების ეკონომიკური ინტერესების თვალსაზრისით განიხილავენ. ზოგი ამას აშშ-სა და ჩინეთს შორის იშვიათ მინერალებზე წვდომისთვის კონკურენციასაც კი უკავშირებს. სხვები მიიჩნევენ, რომ ამ გზით აშშ ცდილობს რუსეთის განდევნას რეგიონიდან, რომელიც ტრადიციულად რუსეთის გავლენის სფეროდ არის ცნობილი“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, სომხეთში ირანის ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანი არ შეეგუება ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნას მის საზღვრებთან.
„თეირანი ვერ ხედავს შესაძლებლობას, ამერიკელი ჯარისკაცები TRIPP-ის ფარგლებში სომხეთში განლაგდნენ“, – აღნიშნა ხალილ შირგჰოლამიმ.