სომხეთში ადასტურებენ, რომ სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის კონტექსტში საერთაშორისო კომპანიისთვის ფუნქციების გადაცემის საკითხი განიხილება
სომხეთში დაადასტურეს, რომ სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის კონტექსტში საერთაშორისო კომპანიისთვის ფუნქციების გადაცემის საკითხი განიხილება.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის კონტექსტში ფუნქციების საერთაშორისო კომპანიისთვის გადაცემის საკითხი განიხილება, თუმცა იმ პირობით, რომ ეს პროცესი განხორციელდება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სომხეთის იურისდიქციის ფარგლებში.
კითხვაზე, მიიღო თუ არა სომხეთმა სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის საკითხზე წინადადება აშშ-ისგან, მნაცაკან საფარიანმა თქვა, რომ მსგავსი წინადადება სხვადასხვა ქვეყნისგან არსებობს, რაც განხილვის საგანია.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეს ქვეყნები არ დაუკონკრეტებია.
„განხილვის საგანს წარმოადგენს რამდენიმე ასეთი წინადადება. სომხეთის ინტერესების და იმ პრინციპების შესაბამისი თუ იქნება, რაც სომხეთმა ე.წ. მშვიდობის გზაჯვარედინის ინიციატივის ფარგლებში დაასახელა, მაშინ ეს წინადადებები, შეიძლება, იყოს განხილული“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა, მასზე კონტროლი ამერიკულმა კომპანიამ განახორციელოს.