სომხეთში აცხადებენ, რომ ქვეყანა დაინტერესებულია მოსკოვთან თანამშრომლობის მაღალი დონის შენარჩუნებით, თუმცა არსებობს ობიექტური კითხვები, რომლებსაც კონსტრუქციული განხილვა სჭირდება
სომხეთი დაინტერესებულია მოსკოვთან თანამშრომლობის მაღალი დონის შენარჩუნებით, თუმცა არსებობს ობიექტური კითხვები, რომლებსაც ჯანსაღი და კონსტრუქციული განხილვა სჭირდება. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საჭიროა ეს ურთიერთობები იყოს დაბალანსებული და ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას. მისი თქმით, ასეთი თანამშრომლობისთვის პირობები უნდა შეიქმნას ერთობლივი ძალისხმევით და არა განცხადებების ან ტელეგადაცემების საშუალებით.
„ამჟამად მე ვერ ვისაუბრებ რუსეთთან რამე ახალი შეთანხმებების შესახებ. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ოფიციალური ერევანი დაინტერესებულია მოსკოვთან თანამშრომლობის მაღალ დონეზე შენარჩუნებით. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე, 2022 წლის მოვლენებზე და შემდეგ გამოვიდეთ 2025 წელს და ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა, ეს ასე არ არის. ჩვენ გვაქვს ობიექტური კითხვები. ვფიქრობ, რომ ამ ობიექტურ კითხვებზე პასუხები უნდა იქნეს მიღებული ჯანსაღი განხილვების შედეგად. ამ პასუხზეა დამოკიდებული ასევე ჩვენი მომავალი თანამშრომლობის სიღრმე და დონე“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
პაპიკიანის თქმით, სომხეთს მოსკოვთან თანამშრომლობის ორმხრივი დოკუმენტებიდან არცერთი არ გაუუქმებია.
„ჩვენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ჩვენი წევრობაც კი არ გაგვიუქმებია ოფიციალურად, თუმცა დე ფაქტო იქ არ ვმონაწილეობთ. ჩვენ არ ვართ დამნაშავეები იმაში, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში არ არის არცერთი ოფიცერი სომხეთის რესპუბლიკიდან“, – განაცხადა პაპიკიანმა.