სომხეთმა აზერბაიჯანს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა და რასობრივ დისკრიმინაციაში დასდო ბრალი, ბაქო საპასუხო სარჩელით იმუქრება
სომხეთმა აზერბაიჯანს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა და რასობრივ დისკრიმინაციაში დასდო ბრალი, ბაქო საპასუხო სარჩელით იმუქრება

სომხეთმა აზერბაიჯანს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა და რასობრივ დისკრიმინაციაში დასდო ბრალი. ბაქო საპასუხო სარჩელით იმუქრება, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სარჩელში სომხური მხარე ამტკიცებს, რომ „აზერბაიჯანი ათწლეულების განმავლობაში ახდენდა სომხეთის რასობრივ დისკრიმინაციას“, რაც გამოიხატებოდა მასობრივ მკვლელობებში, წამებასა და სხვა დარღვევებში. სარჩელში ნათქვამია, რომ ამ დარღვევებს ადგილი ჰქონდა 2020 წლის სამხედრო დაპირისპირების დროსაც.

ამის საფუძველზე სომხეთი სთხოვს სასამართლოს, დამნაშავედ ცნოს აზერბაიჯანი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში და მიყენებული ზარალის კომპენსირება მოახდინოს.

სარჩელში სომხეთი ასევე ითხოვს სასამართლოსგან აზერბაიჯანის მიმართ დროებითი შემზღუდავი ზომის დაწესებას, რათა სომხეთის უფლებები დაცული იყოს და უთანხმოება არ გაუარესდეს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სასამართლოში დაიცავენ თავს და უახლოეს ხანში თავადაც მიმართავენ სასამართლოს, სომხეთის წინააღმდეგ საპასუხო სარჩელით.

ბაქოში ასევე განაცხადეს, რომ სომხეთის დარღვევების შესახებ მტკიცებულებებს აგროვებენ და უახლოეს დღეებში მიმართავენ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს.

დატოვე კომენტარი