სომხეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრისას ირანსა და ისრაელს შორის განვითარებული მოვლენები განიხილეს
სომხეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, არარატ მირზოიანმა და აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბრისას ირანსა და ისრაელს შორის განვითარებული მოვლენები განიხილეს.
როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი წერს, აბას არაღჩისთან საუბრისას ლიდერებმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.
„ჩვენ განვიხილეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და გავცვალეთ მოსაზრებები არსებულ ვითარებაზე. ჩვენ ხაზი გავუსვით რეგიონში რისკების მართვისა და ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობას. ჩვენ კვლავ მჭიდრო კონტაქტზე ვართ“, – წერს მირზოიანი.
ცნობისთვის, ჩეხეთში მიმდინარე GLOBSEC 2025-ის ფორუმზე ნიკოლ ფაშინიანმა ირანზე ისრაელის თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ ეს რეგიონის მყიფე სტაბილურობას ეჭვქვეშ აყენებს.
ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმო ისრაელის სამხედრო თავდასხმა ირანზე და მოუწოდა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ.