სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო ბლოკმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო ბლოკმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო ბლოკმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია სერჟ სარქიანის პოლიტიკური ბლოკის „პატივი მაქვს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და ვაცხადებთ, რომ ეს არის არცახის ბოლო ომის შედეგების ტერიტორიული და ადამიანური დანაკარგის ლეგიტიმაცია და ასევე, სომხეთის გეოპოლიტიკური ვაჭრობის საგნად გადაქცევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სერჟ სარქსიანის ბლოკის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვადამდელი არჩევნები ვერ იქცა პოლიტიკურ პროცესად, რომლიც სომხეთს უფსკრულიდან ამოიყვანდა“.

„ამის ნაცვლად სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს რეპრესიები ოპოზიციის მიმართ. მათ შორის უსაფუძვლო ჩხრეკები აქტივისტების ბინებში, მათი დაკავება, სატელეფონო საუბრების მიყურადება. ამრიგად, სახეზეა არჩევნების დღეს ოპოზიციისთვის ხელის შეშლის არაერთი შემთხვევა და ასევე ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებით ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები“, – ნათქვამია სერჟ სარქსიანის ბლოკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში 20 ივნისს რიგგარეშე არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმათა 53,92 პროცენტი მოქმედი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ მიიღო. სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა მიიღო ხმების 21,04 პროცენტი, ხოლო სერჟ სარქსიანის ბლოკმა შვიდპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა კონსტიტუციის მიხედვით, სომხეთის პარლამენტში სულ მცირე სამი პარტია მაინც უნდა იყოს და სავარაუდოდ, სარქსიანი ბლოკის წევრები მანდატებს მიიღებენ, რადგან არჩევნებზე მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენეს.