სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დაკითხვაზე დაიბარეს
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დაკითხვაზე დაიბარეს

სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაკითხვაზე ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დაიბარა.

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ქოჩარიანი 2008 წლის დასაწყისში გამართული დემონსტრაციების დროს მოქალაქეების მკვლელობის საქმეზე ჯერჯერობით მოწმედაა დაბარებული.

მაშინ საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციის ორი თანამშრომელი.

რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1998 წლიდან 2008 წლის აპრილამდე იკავებდა.

2008 წლის საპროტესტო გამოსვლების დარბევის საქმის გამოძიების ფარგლებში ასევე ძებნა გამოცხადდა სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრზე მიკაელ არუთუნიანზე, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფო წესრიგის დამხობის მცდელობაში და მიტინგების დასაშლელად ჯარის არამართლზომიერ გამოყენებაში.

როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, 2008 წლის დემონსტრაციების შესახებ საქმის გამოძიებას სომხეთში ახალი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ღირსების საქმეს უწოდებენ. ფაშინიანი თავად მონაწილეობდა ოპოზიციურ მოძრაობაში, 2010 წელს კი არეულობების ორგანიზების ბრალდებით მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ფაშინიანმა საპატიმროში ერთ წელზე მეტი გაატარა, 2011 წელს კი ამნისტიით გათავისუფლდა. სომხეთის პრემიერს არაერთხელ განუცხადებია, რომ აქციების დროს მოქალაქეების მკვლელობის საქმის გამოძიებას წერტილი უნდა დაუსვას.