სომხეთის ვიცე-პრემიერი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას
სომხეთის ვიცე-პრემიერი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრი ტიგრან ავინიანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 22 ოქტომბერს ტიგრან ავინიანი ​ფორუმის გახსნითი პანელის „მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები“ ერთ-ერთი სპიკერი იქნება.

ტიგრან ავინიანი სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრია 2018 წლის მაისიდან, 2016 წლიდან ის ასევე არის პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ საბჭოს წევრი.

„ტიგრან ავინიანი წარმატებით მართავდა კომპანიებს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და ასევე, სარწყავი სისტემებისა და ლანდშაფტის დიზაინის სფეროებში. აქვს სამუშაო გამოცდილება ციფრული სისტემის საკონსულტაციო და საბანკო სექტორებში.

ტიგრან ავინიანს აქვს ბაკალავრის ხარისხი გამოყენებით მათემატიკასა და ეკონომიკაში, მათემატიკური მოდელირების მაგისტრის ხარისხი (რუსულ-სომხური (სლავური) უნივერსიტეტი) და მაგისტრის ხარისხი ფინანსებში (დედოფალ მერის უნივერსიტეტი, ლონდონი)“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.