სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება, ინფორმაციას უარყოფს აზერბაიჯანული მხარე
სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება, ინფორმაციას უარყოფს აზერბაიჯანული მხარე

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქიუნიკის მონაკვეთზე დაფიქსირდა უპილოტო საფრენი აპარატის მიერ სომხეთის საჰაერო სივრცეში შემოსვლის მცდელობა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების ანტისაჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.

თავდაცვის უწყების თქმით, ჩამოგდებულია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატი „აეროსტარი“, რომლის ნამსხვრევები გეღარქიუნიკის რაიონის სოფელ ვანევანიდან 3,5 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრომ, სომხურ მედიას და სოციალური ქსელების მომხმარებლებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალები სრულად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს.

აზერბაიჯანული მხარე უარყოფს სომხეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და სომხურ მხარეს დეზინფორმაციაში სდებს ბრალს.