სომხეთის თავდაცვის მინისტრი - შეურაცხმყოფელია განცხადებები, რომ ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არის ღალატი ან მარცხი
სომხეთის თავდაცვის მინისტრი - შეურაცხმყოფელია განცხადებები, რომ ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არის ღალატი ან მარცხი

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები მთლიანად შეწყვეტილია. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავით ტონიაინმა განაცხადა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამჟამად მთიან ყარაბაღში ვითარება საკმაოდ მშვიდია.

„საბრძოლო მოქმედებები მთლიანად შეწყვეტილია, იშვიათად ისმის გასროლის ხმა. ძალიან სწრაფად ხდება რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება“, – განაცხადა ტონოიანმა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, რუსი სამხედროების კონფლიქტის ზონაში განთავსება სომხეთიდან გორისისა და ლაჩინის გავლით სტეპანაკერტში ხდება, ამის შემდეგ ძალებს შეხების ხაზის გასწვრივ განათავსებენ.

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე შეურაცხმყოფელი უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ღალატია.

„შეურაცხყოფად მიმაჩნია განცხადებები, რომ ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არის ღალატი ან მარცხი, რადგან შეიარაღებული ძალებმა, თავდაცვის სამინისტროს მთელმა სისტემამ, მთავრობამ წარმატების მისაღწევად მაქსიმალური გააკეთეს, რაც შესაძლებელი იყო“, – განაცხადა ტონოიანმა სომხეთის საზოგადოებრივი ტელეკომპანიის ეთერში.

ტონოიანის თქმით, შეიქმნა გეოპოლიტიკური სიტუაცია, როდესაც სომხური მხარე მოქმედებდა შეიარაღებისა და ტექნიკის მიწოდების ტოტალური ბლოკადის პირობებში.