სომხეთის თავდაცვის მინისტრი - იარაღის შეძენის პროცესში სომხეთმა ახალი პარტნიორები შეიძინა საფრანგეთის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების სახით
სომხეთის თავდაცვის მინისტრი - იარაღის შეძენის პროცესში სომხეთმა ახალი პარტნიორები შეიძინა საფრანგეთის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების სახით

იარაღის შეძენის პროცესში სომხეთმა ახალი პარტნიორები შეიძინა საფრანგეთის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების სახით, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა განაცხადა.

სომხეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, 2022 წლის სექტემბრის მოვლენების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ბაზრები, შესაძლებლობები იხურებოდა და სომხეთის შეიარაღებული ძალები ვერ გაჩერდებოდნენ, რის გამოც საჭირო გახდა იარაღის შესყიდვის დივერსიფიკაციის უზრუნველყოფა.

„ამ მიმართულებით სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ. ეს პროცესი შეუქცევადია ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით. მომავალში მიმდინარე პროცესები და კონტრაქტები მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენი არმიის შეიარაღების ხარისხს. ახალი ტიპის იარაღის შეძენა ასევე გულისხმობს მომზადებას, ენების ცოდნას, ადაპტაციას და ჩვენი ჯარი მიდის ამ გზაზე. ეს ძალიან რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სურენ პაპიკიანმა.

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ერევანს არცერთი ქვეყნის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არ აქვს. სომხეთის შეიარაღებული ძალების მიზანი და მისია სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა.