სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი - 2021 წელს სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ველების 972 რუკა გადასცა
2021 წელს სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ველების 972 რუკა გადასცა, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანი ბადალიანმა განაცხადა.
სომხეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ბაქომ დანაღმული ველების რუკები 2021 წლის 12 ივნისს, 3 ივლისს, 19 ოქტომბერს, 1 ნოემბერს და 29 ნოემბერს მიიღო.
ანი ბადალიანის განცხადებით, ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობის პრინციპების დაცვით, სომხეთმა კვლევების საშუალებით შეადგინა და აზერბაიჯანს 2024 წლის დასაწყისშიც გადასცა დანაღმული ტერიტორიების ახალი რუკები.
„აზერბაიჯანი გამუდმებით ეჭვქვეშ აყენებს ამ რუკების სიზუსტეს, მიუხედავად ჩვენი განმეორებითი განცხადებებისა, რომ უკეთესი ან ზუსტი რუკები არ არსებობს. სომხეთი, როგორც ადრეც და ახლაც, მზადაა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეამოწმოს რუკის მონაცემების სიზუსტე. დავამატებთ, რომ საერთაშორისო სასამართლომ ცალსახად უარყო მოთხოვნა სომხეთის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლითაც აზერბაიჯანმა სომხეთი დანაღმვაში დაადანაშაულა“, – აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.