სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთი მზად არის 7 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრისთვის, პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის შესაბამისად
სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთი მზად არის 7 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრისთვის, პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის შესაბამისად

სომხეთი მზად არის 7 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრისთვის, პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის შესაბამისად. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვაან უნანიანმა სომხურ მედიას განუცხადა.

„მსურს შეგახსენოთ, რომ წინა შეხვედრა პრაღაში, სადაც მიღწეულ იქნა შეთანხმება შეხვედრების გაგრძელებაზე, გაიმართა ოთხმხრივ ფორმატში, ლოგიკურია, შეხვედრის ფორმატი და მონაწილეთა შემადგენლობა იგივე იყოს. აზერბაიჯანული მხარის ყველა განცხადებას, რომ სომხური მხარე ცდილობს, ჩაშალოს შეხვედრა და სამშვიდობო პროცესი, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. სომხეთის რესპუბლიკა მზად არის 7 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრისთვის, პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის შესაბამისად“, – განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა.

ამასთან, სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა არ უპასუხა სომხეთის შეთავაზებებს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესახებ.

შეგახსენებთ, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საფრანგეთი აზერბაიჯანის მიმართ მიუღებელ და შეურაცხმყოფელ ქმედებებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონი ვერ მიიღებს მონაწილეობას ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ამიტომ 7 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ოთხმხრივი შეხვედრა, ემნაუელ მაკრონისა და შარლ მიშელის მონაწილეობით, არ შედგება. ალიევმა ასევე დაადანაშაულა სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობაში.