სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრის მოადგილეს სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ ინტერვიუში „კონტროლის გადაცემაზე“ არ უსაუბრია
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრის მოადგილეს, მნაცაკან საფარიანს სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში „კონტროლის გადაცემაზე“ არ უსაუბრია.
როგორც სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, მნაცაკან საფარიანმა ინტერვიუში დაადასტურა სომხეთის პრინციპული პოზიცია, რომელიც ერევანს აქვს სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის საკითხზე.
როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანი ბადალიანმა ფეისბუქგვერდზე დაწერა, ნებისმიერი წინადადების განხილვა შესაძლებელია, თუ ის დაეფუძნება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული იურისდიქციის დაცულობას.
მისივე თქმით, მინისტრის მოადგილემ ინტერვიუში ცალსახად უარყო ტერმინი „მესამე მხარისთვის კონტროლის გადაცემა“.
შეგახსენებთ, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა განაცხადა, რომ ერევანმა სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყნისგან მიიღო წინადადება. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს წინადადებები სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული იურისდიქციის დაცულობას თუ დაეფუძნება, მაშინ ერევანი მათ განხილვას არ გამორიცხავს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა, მასზე კონტროლი ამერიკულმა კომპანიამ განახორციელოს. სომხურმა სააგენტო „არმენპრესმა“ აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი სთხოვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რაზე საპასუხოდაც ვაშინგტონში განაცხადეს, რომ „აშშ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით არ ფლობენ ინფორმაციას, რომლის გაზიარებაც მედიასთან შეუძლიათ“.