სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - წარსულშიც, როცა ვდგამდით ნაბიჯს წინ, ყოველთვის იყო გართულებები მეორე მხრიდან, ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან, ეს აზერბაიჯანის მუშაობის ახალი სტილი არ არის
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პარუირ ოვანისიანის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხებაზე მუშაობის დასრულების მიუხედავად, ბაქო აგრძელებს წინაპირობების ენაზე საუბარს.
„წარსულშიც, როდესაც ჩვენ ვდგამდით წინ ნაბიჯს, ყოველთვის იყო გართულებები და პროვოკაციები მეორე მხრიდან, ზოგჯერ შეინიშნება ერთი ნაბიჯი წინ – ორი ნაბიჯი უკან. ეს არ არის აზერბაიჯანის მუშაობის ახალი სტილი“, – განაცხადა ოვანისიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ერევანს ჯერ არ მიუღია პასუხი ბაქოსგან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ხელმოწერასთან. ამ განცხადებაზე პასუხი ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა ოვანისიანმა.
ცნობისთვის, სომხეთში აცხადებენ, რომ სომხეთი მზადაა, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის თარიღისა და ადგილის შესახებ აზერბაიჯანთან კონსულტაციები დაიწყოს.