სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ეკონომიკური დანაშაულების გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო ჯგუფი ჩხრეკას ქვეყნის მასშტაბით 51 მისამართზე ატარებს
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საგამოძიებო ჯგუფი სომხეთის მასშტაბით 51 მისამართზე ატარებს ჩხრეკას.
როგორც უწყებაში აცხადებენ, „ეკონომიკური დანაშაულების გამოძიებაზე პასუხისმგებელი მთავარი სამმართველო იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც აღძრულია იმ პირთა მიმართ, რომლებიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობენ რიგ კომპანიებს, რომლებმაც ცრუ საფუძვლები შექმნეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მიტაცებისთვის, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისთვის თავის ასარიდებლად“.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, წინასწარი გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 11 პირის მიმართ. მათგან ხუთს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ერთს ქვეყნის დატოვება აეკრძალა, ერთი პირი დააკავეს და სასამართლოში მიიყვანეს, ოთხ ადამიანზე კი ძებნაა გამოცხადებული.
ცნობისთვის, დღეს დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობდა ერევანში, „სომხეთის ელექტროქსელების“ სათავო ოფისში, ასევე ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ნარეკ კარაპეტიანის სახლში.