სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი - 7 ივნისის 20:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი - 7 ივნისის 20:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული

2026 წლის 7 ივნისის 20:00 საათის მონაცემებით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის დანაყოფებში საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება დაწყებულია 59 საქმეზე, მათგან 43 – რეგიონულ საგამოძიებო დანაყოფებში, ხოლო 16 – ერევნის საგამოძიებო დანაყოფებში. ამის შესახებ სომხური მედია საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, ცხრა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც გულისხმობს საარჩევნო უფლების ან რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების განხორციელებისთვის, ასევე საარჩევნო კომისიების მუშაობისა და არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილე პირთა უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისთვის ხელშეშლას.

30 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 214-ე მუხლით – ერთზე მეტჯერ ან სხვის ნაცვლად ხმის მიცემისთვის.

17 საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება დაწყებულია 215-ე მუხლით – ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევისთვის. ასევე, სამ საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება დაწყებულია 314-ე მუხლით – ტერორისტული აქტის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. ამავე ინფორმაციით, სისხლის სამართლის წარმოებების ფარგლებში დაკავებულია ცხრა პირი.