სომხეთის „რესპუბლიკურ პარტიაში“ აცხადებენ, რომ მაისამდე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიუღებელია
სომხეთის „რესპუბლიკურ პარტიაში“ აცხადებენ, რომ მაისამდე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიუღებელია. ამის შესახებ სომხურ მედიასთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „რესპუბლიკური პარტიის“ პრესმდივანმა, ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა.
შარმაზანოვის თქმით, არჩევნების მაისამდე ჩატარება არარეალურია, თუმცა დღეს ყველაფერს პრემიერ-მინისტრი წყვეტს.
„ჩემთვის გაუგებარი ერთი რამეა, რა შეიცვალა ამ ოცი დღის განმავლობაში? 25 დღის წინ მთავრობის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ არჩევნები მაის-ივნისში ჩატარდება, ახლა კი ამბობს, რომ დეკემბერში უნდა ჩატარდეს. ჰკითხეთ მას, რატომ ღელავს არჩევნების მაის-ივნისში ჩატარების გამო?“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში გადადგება, რათა ვადამდელი არჩევნების უმოკლეს დროში ჩატარება უზრუნველყოს. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა პარტია „აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუთიუნის“ ექვსი მინისტრი და გუბერნატორები.
ნიკოლ ფაშინიანს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმდინარე წლის ბოლომდე ჩატარება სურს. სომხეთის პარლამენტში 106 ადგილიდან 58-ს ყოფილი პრემიერის, სერჟ სარგსიანის „რესპუბლიკური პარტია“ ფლობს.