სომხეთის პრეზიდენტმა თავის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად იცეკვა [ვიდეო]

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი თავის რეზიდენციასთან შეკრებილ დემონსტრანტებთან შესახვედრად გავიდა და მათთან ერთად იცეკვა.

ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ამულსარის ოქროს საბადოს ექსპლუატაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები გავიდნენ და პეტიცია გამოართვეს. თუმცა მალევე, აქციის მონაწილეებთან თავად პრეზიდენტი გავიდა და მათი მოთხოვნები მოისმინა.

არმენ სარგსიანმა დემონსტრანტებთან ერთად ხალხური ცეკვა –  ქოჩარი შეასრულა.

სომხეთის პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ მათ პეტიციას შეისწავლის. მომიტინგეებმა სარგსიანს პასუხისთვის ორდღიანი ვადა მისცეს, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდა, აქციას გაანახლებენ.

სომხურ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტი კანადურ-ბრიტანული ოქროს მომპოვებელი კომპანიის – Lydian International აქციებს ფლობს. თავად სარგსიანი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ოქროს მოპოვება ამულსარის საბადოში ეკოსისტემას აზარალებს. როგორც Panorama.am წერს, მომიტინგეებთან შეხვედრისას არმენ სარგსიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას კომპანია Lydian-თან და ამულსარის საბადოსთან კავშირი არ აქვს.