სომხეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა
სომხეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა და განკარგულების პროექტი დააბრუნა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, 2021 წლის 25 თებერვალს პრეზიდენტს წარედგინა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების განკარგულების პროექტი. მათი ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ წინადადებასთან დაკავშირებით კონსულტაციები და შეხვედრები გამართა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებთან და შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლებთან. პრესსამსახურის ცნობით, განკარგულების პროექტი პრეზიდენტის აპარატმა წამყვან იურისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად განიხილა.

„ადვოკატებისა და ექსპერტების მოსაზრებების შეჯამებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროექტი აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრესსამსახური აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ იცავს რომელიმე პოლიტიკურ ძალას და გადაწყვეტილებებს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეიარაღებული ძალები პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით ნეიტრალური უნდა დარჩეს.