სომხეთის პრეზიდენტის პოსტზე სერჟ სარგსიანი შესაძლოა, არმენ სარგსიანმა შეცვალოს

11:10, 19.01.2018

სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს.

როგორც სომხური მედია იტყობინება, პრეზიდენტის პოსტზე მმართველი პარტია სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩს არმენ სარგსიანს წარადგენს.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატს მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგენს.

შარმაზანოვის თქმით, აღნიშნულ პიროვნებას აქვს მუშაობის დიდი გამოცდილება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება. სომხეთის ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არა მოსახლეობა, არამედ პარლამენტი აირჩევს. კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის წევრთა ხმების 3/5-ზე მეტი.

სერჟ სარგსიანს პრეზიდენტის უფლებამოსილება 2018 წლის 9 აპრილს ეწურება.

არმენ სარგსიანი ასევე იკავებდა ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში სომხეთის ელჩის თანამდებობას. 1996-1997 წლებში კი იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი