სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დღეს ეწვევა
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დღეს ეწვევა

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანისა და პირველი ლედის, რიტა სარქსიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყება.

სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

სერჟ სარქსიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც ასევე შედგება საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ და დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული ფორმატის შეხვედრები.

პრეზიდენტის სასახლეშივე გაკეთდება განცხადებები ქართველი და უცხოური მედიისათვის.

სერჟ სარქსიანი საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.