სომხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვედრაზე იწვევს
სომხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვედრაზე იწვევს

სომხეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ეპატიჟება. არმენ სარქისიანის ინიციატივით მოლაპარაკებები შესაძლოა, 13 მარტს გაიმართოს.

„სახელმწიფოს და საერთო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, შექმნილი სიტუაციის განსახილველად და გამოსავლის გზების მოსაძებნად 13 მარტს, 12:00 საათზე ვეპატიჟები პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს და მოძრაობა „სამშობლოს გადასარჩენად“ წევრებს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოლაპარაკებებზე“, – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში შიდაპოლიტიკური მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. ოპოზიციამ ერევანში მორიგი საპროტესტო აქცია გამართა და პრემეირ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

დღესვე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი 25 თებერვლის შემდეგ ითხოვდა, თუმცა პრეზიდენტი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობდა.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა მთავრობის გადაყენება მოითხოვა.