სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი - მთიან ყარაბაღში თურქი მშვიდობისმყოფელების გაგზავნის საკითხი არ განხილულა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი მანე გევორქიანი „ფეისბუქში“ წერს, რომ თურქი მშვიდობისმყოფელების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში „სიტყვაც კი არ არის ნათქვამი“.
„თურქი მშვიდობისმყოფელების მთიან ყარაბაღში განლაგების საკითხი არ განხილულა, გამოქვეყნებულ ტექსტში ამის შესახებ ერთი სიტყვაც კი არ წერია. რაც შეეხება იმას, რომ თავუშის რამდენიმე დასახლება აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი.
გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მთიანი ყარაბაღის ზონაში საბრძოლო მოქმედებები წყდება და რეგიონში „რუსი სამშვიდობო მისია“ განლაგდება. ამასთან, ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.