სომხეთის პარლამენტში განაცხადეს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღო
სომხეთის პარლამენტში განაცხადეს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღო

სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღო. ერევანი და ბაქო მოლაპარაკებების პროცესის მესამე ეტაპს იწყებენ, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა, ედუარდ აგაჯანიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„სომხურმა მხარემ აზერბაიჯანისგან ნამდვილად მიიღო შეთავაზებები, რომლებიც, არსებითად, არის პასუხი სომხური მხარის შეთავაზებებზე. შეიძლება ითქვას, რომ განიხილება შეთავაზებების მესამე პაკეტი. ვფიქრობ, ახლა სწორი იქნება, ამას დოკუმენტი ვუწოდოთ. ვინაიდან ეს დეტალები გამოქვეყნებას არ ექვემდებარება, ხმამაღლა საუბარი და მათი გასაჯაროება არ შემიძლია“, – განაცხადა დეპუტატმა.

ედუარდ აგაჯანიანის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ან საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე წლის ბოლომდე შეხვედრა შედგეს.