სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე - 9 მაისის გამარჯვება, ჩვენი გამარჯვებაც არის, მოსკოვში, აღლუმზე ნიკოლ ფაშინიანის შესაძლო დასწრება ვერ მოახდენს გავლენას ევროკავშირთან ურთიერთობებზე
მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შესაძლო დასწრება ვერ მოახდენს გავლენას ევროკავშირთან ურთიერთობებზე, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა.
ალენ სიმონიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეიძლება თუ არა 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად ფაშინიანის მოსკოვში ვიზიტმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს ევროკავშირის მხრიდან, რაზეც სიმონიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის პოზიცია ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ეს გამარჯვება სომეხი ხალხის გამარჯვებაცაა.
„9 მაისის გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც არის, ამ გამარჯვებისთვის 300 ათასი სომეხი დაიღუპა და ბევრი სომეხი იბრძოდა. ეს ჩვენი სიამაყის ერთ-ერთი დღეა და მიმაჩნია, რომ აღლუმზე პრემიერ-მინისტრის დასწრებას, არ შეიძლება, რაიმე კავშირი ჰქონდეს ევროკავშირთან ან სხვა საკითხებთან“, – განაცხადა სიმონიანმა.
სიმონიანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ბევრი ლიდერი ჩადის მოსკოვში და ხვდება პრეზიდენტ პუტინს. მისივე თქმით, სომხეთს აქვს თავისი პოზიცია, ხოლო ევროკავშირის ოფიციალურ პირებს – თავიანთი.
„სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, იქნება ეს ევროკავშირთან, რუსეთთან თუ სხვა ქვეყანასთან, სომხეთს აქვს საკუთარი პოზიციები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ და ვავითარებთ. შესაძლოა, რომელიმე ქვეყანას ეს არ მოსწონდეს, შესაძლოა სხვა ქვეყანას არ მოეწონოს რაიმე სხვა ნაბიჯი, მაგრამ, მაპატიეთ, ჩვენ გვაქვს საკუთარი ინტერესები, ხედვა და გზა“, – განაცხადა სიმონიანმა.