სომხეთის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ სომხეთი უნდა დაფიქრდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზე
სომხეთის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ სომხეთი უნდა დაფიქრდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზე

სომხეთის პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ, შესაძლოა, ქვეყანამ ევროკავშირში შესვლისკენ აიღოს გეზი. როგორც ალენ სიმონიანმა აღნიშნა, სომხეთი უნდა დაფიქრდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზე.

„ჩვენ მზად ვართ და იმ მიმართულებით ვიმოძრავებთ, რომელიც მეტ უსაფრთხოებას მოგვცემს. დღეს დემოკრატია, დემოკრატიულ ქვეყნად ყოფნა უსაფრთხოების ყველაზე დიდი შემადგენელია“, – განაცხადა სიმონიანმა.

სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლება ნატო-ში პოტენციურ გაწევრიანებას არ განიხილავს.

ამასთან, სიმონიანმა ისაუბრა სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლის შესაძლებლობაზე. ჟურნალისტის კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში ხომ არ არის მოსალოდნელი პრობლემები რუსეთთან, სიმონიანმა აღნიშნა:

„გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი, რა პრობლემები შეიძლება შექმნას ამან. თავს დაგვესხმებიან? სანქციებს დაგვიწესებენ? რა უნდა გააკეთოს რუსეთმა? ჩვენ გვჭირდებოდა დაცვა, მაგრამ ათზე მეტ შემთხვევაში ცხადი გახდა, რომ ჩვენი მოკავშირე არ გვეხმარება“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა.