სომხეთის მთავრობის პროგრამაში ნათქვამია, რომ უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის სამოციქულო ეკლესიის ფაქტობრივი მეთაურის ჩამოცილება და დადგენილი წესით აირჩევა კათოლიკოსის მოსაყდრე
სომხეთის მთავრობა გეგმავს რიგი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ეკლესიის რეფორმირებას, ფინანსური გამჭვირვალობის და სასულიერო პირების მორალური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
მთავრობის მიერ დღეს დამტკიცებულ პროგრამაში ამ საკითხს ერთ-ერთი თავი ეთმობა, სახელწოდებით „სულიერი უსაფრთხოება”
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ღირებულებებზე დაფუძნებული სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბების პრობლემის გადასაჭრელად სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმირება სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.
ამასთან, პროგრამაში საუბარია „გარე ძალების მიერ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ჰიბრიდული ბრძოლის საყრდენად გამოყენების საფრთხეზე“.
„სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმირების დღის წესრიგი ემსახურება ეკლესიის კანონიკურ ჩარჩოებში მოქცევას და გამორიცხავს მისი პოლიტიზებას. სულიერი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის გარე ძალების მიერ ჰიბრიდული ბრძოლის საყრდენ პუნქტად გამოყენების მცდელობების აღსაკვეთად და ეკლესიის რეფორმირების მიზნით ძალისხმევა იქნება მიმართული შემდეგი დღის წესრიგის განხორციელებისთვის:
უზრუნველყოფილი იქნება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ფაქტობრივი მეთაურის ჩამოცილება (პენსიაზე გასვლა) და დადგენილი წესით განხორციელდება კათოლიკოსის მოსაყდრის არჩევა;
უზრუნველყოფილი იქნება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წესდების მიღება, რომლითაც უნდა განისაზღვროს დამკვიდრებული პრინციპების დაცვის, ფინანსური გამჭვირვალობისა და სასულიერო პირების მორალური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის მექანიზმები;
დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იქნება სომეხთა კათოლიკოსის არჩევა. მთავრობა ასევე დაიწყებს სასულიერო პირების სახელმწიფო სოციალური გარანტიების სისტემაში ჩართვას და ეკლესიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ხუთწლიან პროგრამაში.