სომხეთის მთავრობა - სომხეთის ტერიტორია დე იურე უნდა იყოს სომხეთის მართვის ქვეშ, ხოლო აზერბაიჯანის - აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ, მზად ვართ, ამ ფორმულით მივიღოთ გადაწყვეტილებები
სომხეთის მთავრობა - სომხეთის ტერიტორია დე იურე უნდა იყოს სომხეთის მართვის ქვეშ, ხოლო აზერბაიჯანის - აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ, მზად ვართ, ამ ფორმულით მივიღოთ გადაწყვეტილებები

სომხეთის ტერიტორია დე იურე უნდა იყოს სომხეთის მართვა-კონტროლის ქვეშ, ხოლო აზერბაიჯანის ტერიტორია – აზერბაიჯანის მართვა-კონტროლის ქვეშ. სომხეთი მზად არის, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები მთელი საზღვრის გასწვრივ, – სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის მთავრობის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სომხეთი მზად არის, მსგავსი ფორმულის გამოყენებით მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები ტავუშის რეგიონის მიმდებარე ყველაზე პრობლემურ ადგილას.

„რაც შეეხება ექსკლავებს/ანკლავებს, ამ შემთხვევაში სომხეთისთვის მისაღები მიდგომაა ამ საკითხების მოგვიანებით განხილვა. ამოსავალი მიდგომაა ამ ტერიტორიების დელიმიტაცია და დემარკაცია იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტავუშის რეგიონში ტერიტორიების სასაზღვრო რეგულაციასთან დაკავშირებით, სომხეთის ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ოთხი სოფლის გადაცემის შემთხვევაში აზერბაიჯანული ძალები სომხეთ-საქართველოს გზატკეცილზე ხუთ ადგილას განლაგდებიან. ბლოკ „სომხეთის“ დეპუტატი გარნიკ დანიელიანი აცხადებს, რომ ტავუშის რეგიონში სოფლების გადაცემის შემთხვევაში აზერბაიჯანული დანაყოფები სკოლებთან, საბავშვო ბაღებსა და სამთავრობო დაწესებულებებთან ახლოს განთავსდებიან.