სომხეთის მმართველმა პარტიამ ეროვნული კრების სპიკერის თანამდებობაზე, ალენ სიმონიანის ნაცვლად, რუბენ რუბინიანი აირჩია

23:38, 25.06.2026

სომხეთის მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სპიკერის პოსტზე ალენ სიმონიანის კანდიდატურა უარყო და რუბენ რუბინიანი აირჩია.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პარლამენტის სპიკერის პოსტზე რუბენ რუბინიანის კანდიდატურა მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ სხდომაზე შეირჩა.

მედიის ინფორმაციით, კანდიდატებს შორის იყვნენ ალენ სიმონიანი, ჰაიკ კონჯორიანი და რუბენ რუბინიანი.

„განხილვისა და დახურული, ფარული კენჭისყრის შედეგად რუბენ რუბინიანი ეროვნული კრების სპიკერის კანდიდატად აირჩიეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სპიკერის კანდიდატად არჩევაზე კომენტარი გააკეთა თავად რუბენიანმაც. როგორც მან აღნიშნა, მადლობელია ნდობისთვის და ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

„კანდიდატები გამოდიან სიტყვით, დაისმება კითხვები, შემდეგ მოდის დასკვნითი სიტყვა და კენჭისყრა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველა კანდიდატმა წარმოადგინა თავისი ხედვა, ყველა ცდილობდა თავისი ძლიერი მხარეების წარმოჩენას და შედეგი ნათელი იყო. ვერ ვიტყვი, მოსალოდნელი იყო თუ არა, მაგრამ შედეგით აღფრთოვანებული ვარ. ნდობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წინა თავმჯდომარეზე უკეთესად უნდა გავაკეთო რამე. ალენ სიმონიანი ძალიან კარგი სპიკერი იყო, რომელიც თავისი ვადის ამოწურვამდე თავმჯდომარედ მუშაობდა. ჰაიკ კონჯორიანი ფრაქციის ძალიან კარგი ლიდერი იყო. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაო შევასრულეთ, დიდი განსაცდელების გადალახვით“, – აღნიშნა რუბინიანმა.

ცნობისთვის, ამჟამად, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სპიკერის თანამდებობას ალენ სიმონიანი იკავებს, ხოლო რუბენ რუბინიანი კი ვიცე-სპიკერია.

მსგავსი